მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას ..

მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინისმსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემ პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
თბილისის ცას და თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ  და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ ან საით წავალ, _
და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საათნავას!

ნიკო ფიროსმანიშვილი 

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.


იხილეთ აქ: http://poetry.ge/poets/lado-asatiani/poems/262.me-vetrpi-dzlier-tpilisis-havas.htm 
რუკა: https://goo.gl/maps/ZgJ7YzoaMNK2

Comments

Popular posts from this blog

მთავარი